top of page

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

2020

კვლევა წარმოადგენს რამდენიმე ძირითად მიგნებას. პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ შემცირდა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და რაოდენობამ 1,495 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტენდერების რაოდენობასთან ერთად შემცირდა კონკურენციაც.


რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, საგანგებო პერიოდის განმავლობაში 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების ამ ტიპის კონტრაქტი გაფორმდა. მათ შორის, თითქმის ნახევარ შემთხვევაში (57 მლნ ლარი) შესყიდვის ამ სახის გამოყენების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. კვლევის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ამ საფუძვლის ხშირი გამოყენება და შერჩეულ მიმწოდებელთა კავშირი მმართველ პარტიასთან. ამასთან, კვლევაში განხილული კონკრეტული შესყიდვების ანალიზი „სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს“.

საგანგებო პერიოდში აქტუალური იყო გამჭვირვალობის პრობლემაც. კერძოდ, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოუქვეყნებლობა ართულებდა კორუფციული რისკების კონტროლს.


ზემოჩამოთვლილი მიგნებებიდან გამომდინარე კვლევაში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია. პირველ რიგში, კვლევის ავტორთა შეფასებით, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში შერჩეული კომპანიების მფლობელების მხრიდან მმართველი პარტიისადმი მაღალრისკიანი შეწირულობების იდენტიფიცირებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს და უნდა გამკაცრდეს თანხმობის გაცემა ამ ტიპის კონტრაქტებზე.


ბმული


bottom of page