top of page

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის პრაქტიკების შესახებ ანგარიში

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2021

უკანასკნელ წლებში სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვან წარუმატებლობებს განიცდიდნენ. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული წარუმატებლობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სახელმწიფო საწარმოთა ფლობის მიმდინარე მოდელი უნდა იყოს. ფლობის არსებული ფორმა ზრდის დარგობრივი სამინისტროების და პოლიტიკური პროცესების უარყოფით გავლენას სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობაზე. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც მკაფიოდ გამიჯნავს საზედამხედველო/ფლობის ფუნქციასა და დაიცავს ბალანსს მასსა და სახელმწიფო საწარმოს დამოუკიდებლობას შორის. მნიშვენლოვანია, აქციონერის როლის განცალკევება პოლიტიკის გამტარებლის როლისგან, რაც უფრო მოქნილ და ძლიერ ზედამხედველობასა და ინფორმაციის ნაკადების დროულად მიღებას უზრუნველყოფს.


ანგარიშში მიმოხილულია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ძირითადი პრინციპები და დებულებები. რეფორმა შედგება 5 ძირითადი სვეტისგან. დოკუმენტის მიხედვით, ეს დებულებებია:


  1. "კორპორაციული მართვა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვას OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოების დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტებაა...."

  2. კომერციულობა, როგორც საწარმოს უმთავრესი მიზანი - "...სახელმწიფო საწარმოთა უპირველეს ამოცანად უნდა განისაზღვროს მოგებაზე ორიენტირებულობა, იდენტიფიცირდეს და შეიზღუდოს მათი ჩართვა არამომგებიან აქტივობებში, გარდა საჯარო ინტერესების მატარებელი აქტივობებისა, რომელიც სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს კომპენსირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რათა აღნიშნული აქტივობები არ იქცეს საწამოების ფინანსურ ტვირთად. ბუნებრივია, იმ დაშვებით, რომ სხვა სახის საოპერაციო არაეფექტურობა აღმოფხვრილი იქნება."

  3. "კონკურენციის ხელშეწყობა - სახელმწიფოს მიერ საწარმოს ფლობა არ უნდა ანიჭებდეს კომპანიას რაიმე სახის უპირატესობას და არ უნდა უშლიდეს ხელს სექტორში კერძო კომპანიების შემოსვლას..."

  4. "სახელმწიფო საწარმოთა ფლობის მიზანი, მონაწილეობის ზომის რაციონალურობა - სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ სექტორში საწარმო(ები)ს ფლობის მიზანშეწონილობას, მათი შენარჩუნების საჭიროებას და შეაფასებს როდის არის დასაშვები და გამართლებული ახალი საწარმოს დაფუძნება..."

  5. "კორპორაციული მიზნების მართვა - სახელმწიფოს აქციონერის როლში უნდა ჰქონდეს კომპანიის სამართავად კორპორაციული განზრახვის განაცხადი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის საქმიანობის სფეროს, მასშტაბსა და სხვა მნიშვნელოვან ინდიკატორებს..."


დოკუმენტის თანახმად, აქციონერის ფუნქციის მინიჭება ოპტიმალური იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის, გამომდინარე მისი ნეიტრალურობიდან და ბუნებრივად არსებული ფისკალური ზედამხედველობის ფუნქციიდან. უშუალოდ შემდეგი ნაბიჯები კი მოიცავს სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას, თავმოყრას და განახლებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროში გატარებული რეფორმის შედეგების შემდგომ შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.


დოკუმენტის გადმოწერა:

SOE Corporate Governance Report_August 31
.pdf
Download PDF • 826KB

bottom of page