საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
2021
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა (ფისკალური რისკების ასახვა რისკების დოკუმენტში, ფინანსთა სამინისტროს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, სახელმწიფო საწარმოების სექტორიზება და მათი რაოდენობის ოპტიმიზაცია, საპარტნიორო ფონდის როლის ნაწილობრივი შეკვეცა, ზოგიერთი საწარმოს რესტრქტურიზაცია) მათი ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური რეფორმის გარეშე საკუთრივ გამჭვირვალობა და გაუმჯობესებული მონიტორინგი არ არის საკმარისი სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეფორმის სტრატეგია იმ სახელმწიფო საწარმოებისთვის, რომელთაც აქვთ პოტენციალი, გახდნენ საჯარო კორპორაციები. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგია ხუთი შრისგან შედგება: კომერციული მიზნები, კორპორაციული მმართველობა, ფლობის პოლიტიკა, საქმიანობის ჩარჩო და კონკურენტული ნეიტრალურობა.
დოკუმენტის რეკომენდაციით, აქციონერების უფლებამოსილებანი და ფუნქციები ცენტრალიზებული უნდა გახდეს ფინანსთა სამინისტროს ქვეშ. ეს პროცესი უზრუნველყოფს სახელმწიფოს აქციონერული და ზედამხედველობის ფუნქციების გამიჯვნას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მიიღებს სახელმწიფო კორპორაციების შესახებ კანონს, რაც შემქნის საფუძველს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გატარებისთვის და ინფორმაციის წარდგენის პრინციპებს გაუთანაბრებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა რეფორმის სტრატეგიის დანერგვისას რეფორმის შესახებ ფართომასშტაბიანი დისკუსიების გამართვა, ვინაიდან რეფორმის ხუთივე სვეტი ურთიერდამოკიდებული და კომპლექსურია. ასეთი დისკუსია ხელს შეუწყობს, სტრატეგია დაინერგოს მაქსიმალურად ეფექტურად.
დოკუმენტის გადმოწერა: