top of page

ქართული კომპანიები COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე

ფრაის ვოთერჰაუს კუპერსი (PwC)

2020

მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. უკვე არსებული შემოსავლის შემცირებისგან განსხვავებით, შედარებით პოზიტიურია ბიზნესის მოლოდინები სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით - გამოკითხულთაგან დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება.


მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების შეგროვების პრობლემა) და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.


მოთხოვნის შემცირების და ლიკვიდობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება - აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. პანდემიის სამომავლო განვითარების გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო, ბიზნესის მოლოდინებიც ასევე ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას.


პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ხოლო იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. ამ სეგმენტში გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე.


აღსანიშნავია მოლოდინების განსხვავება თბილისსა და რეგიონებს შორის. გამოკითხულ კომპანიებს შორის რეგიონში მომუშავეები ნაკლებად ელოდებიან შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას - 44% რეგიონებში და 51% თბილისში. მსგავსი სხვაობა ფიქსირდება ასევე თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გეგმასთან დაკავშირებით - რეგიონების კომპანიების 45% არ გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, თბილისში მომუშავე კომპანიების 37%-თან შედარებით.


დოკუმენტის გადმოწერა:

Georgia_Covid-19_survey_Report_Final_Georgian_21.05.20
.pdf
Download PDF • 1.33MB

bottom of page