top of page

გამოწვევები და პერსპექტივები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი ქალთა ბიზნესებისთვის, COVID-19-ისა და პოსტ COVID-19-ის პერიოდში

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2021

COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მძიმე იყო იმ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობდნენ.


ჩვეულებრივ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან საქართველოში საწარმოთა შექმნისა და მართვის პროცესში. ასეთი გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გამწვავდა ქვეყანაში დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომების გამო. ამ დოკუმენტში შეფასებულია კორონავირუსის გავლენა, გამოწვევები და პერსპექტივები ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის საქართველოში და შემუშავებულია რეკომენდაციები სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსით გამოწვეული ზიანი მცირე და საშუალო მეწარმე ქალებზე. ამ ანალიზისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდი.


ჩვენი მოკვლევის თანახმად, ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის პანდემია არაერთ გამოწვევასთან და პერსპექტივასთან ასოცირდება. გამოწვევების კუთხით, ჩვენი შეფასებით, ქალების მიერ მართული ბიზნესების 17%, რომელიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ოპერირებს, განსაკუთრებით მოწყვლადია უარყოფითი ეკონომიკური შოკების მიმართ, ქალების მიერ მართული ბიზნესების 78%-ის შემთხვევაში კი ეკონომიკური შედეგები ნაკლებად მძიმე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩვენი მიგნებით, აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ზრდამ, რომელიც ქალებს უფრო მეტად დააწვა, და ქალებში ციფრული წიგნიერების დაბალმა დონემ მნიშვნელოვნად გაამწვავა ქალების მიერ მართული ბიზნესების გამოწვევები პანდემიის დროს.


ამავდროულად, ბიზნესების ციფრული განვითარება (დიჯიტალიზაცია) ქართველი მეწარმე ქალების კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობად უნდა აღვიქვათ. თუმცა ამ შესაძლებლობის ჯეროვანი გამოყენება დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე, ციფრული წიგნიერების დონესა და საწარმოების ციფრულ ინფრასტრუქტურასთან წვდომაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტმა, განსაკუთრებით „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაში“ შეტანილმა ცვლილებებმა და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმებმა, შესაძლოა, გაზარდოს ქალების მიერ მართული ბიზნესების ფინანსური მდგრადობა, თუ მეწარმე ქალები მეტად ინფორმირებულნი იქნებიან ამგვარი მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. დაბოლოს, არსებულ კრიზისს შეიძლება შევხედოთ როგორც შესაძლებლობას ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ადვოკატირებისა და პრიორიტეტულ სექტორებში ახალი ბიზნეს კლასტერების ფორმირების მიმართულებით.


ბმული

bottom of page