top of page

ბიზნესის განვითარებისა და გაციფრულების ხელშეწყობა საქართველოში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

2022

გთავაზობთ პუბლიკაციის შემაჯამებელ მიმოხილვას წინამდებარე დოკუმენტზე დაყრდნობით:


დოკუმენტის პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და მისი პირველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, და მიმოხილულია სტრატეგიის შვიდი განზომილების მიმართულებით OECD-ის მიერ გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები. ასევე, შემოთავაზებულია პოლიტიკის რეკომენდაციები მომავალი სამოქმედო გეგმებისა და ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPIs) განხორციელების პროგრესის მონიტორინგისთვის.


დოკუმენტის შემაჯამებელ მიმოხილვაში ვკითხულობთ:


  • საქართველომ გააუმჯობესა მისი ინსტიტუციური და ოპერაციული გარემო საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების პოლიტიკის კეთების პროცესში მეტად გამოყენებით, სწრაფად მზარდი ელექტრონული სერვისების შეთავაზებითა და გადახდისუუნარობის რეფორმის დანერგვით. მიუხედავად ამისა, COVID-19-ის შედეგად გაზრდილი ბიზნესების წარუმატებლობის ფონზე მნიშვნელოვანია ბიზნესების რესტრუქტურიზაციისა და ახალი სამეწარმეო წამოწყებების წახალისება. საკანონმდებლო ცვლილებებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები უნდა გახშირდეს, რათა მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებმა დროულად იცოდნენ რეგულატორული ცვლილებების შესახებ. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული სტატისტიკა უფრო მეტად მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

  • სამეწარმეო უნარებისა და კულტურის განსავითარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის შეიქმნა საინფორმაციო ბაზა სამუშაო ბაზრის შესახებ, განხორციელდა არაფორმალური სასწავლო აქტივობები, მეწარმეობა ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა, საართველოში მაინც არსებობს მუდმივი შეუსაბამობა ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ უნარებს შორის და თანამშრომლობის არასაკმარისი დონე მეწარმეებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის. ამ მიმართულებებით საქართველოში უნდა გადაიდგას ნაბიჯები უმუშევრობის დაძლევასთან, პროფესიულ სასწავლებლებსა და ეკონომიკის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან და მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასთან დაკავშირებით.

  • ფინანსებთან წვდომის ხარისხი საქართველოში ამაღლებულია სასესხო პირობების გაუმჯობესების, ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გაჩენისა და ფინანსური წიგნიერების დონის ზრდის ხარჯზე. თუმცა შესაძლებელია ალტერნატიული და ციფრული დაფინანსების შესაძლებლობების დამატებით განვითარება შესაბამისი რეგულატორული გარემოს გაუმჯობესებით. დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო პოსტპანდემიურ პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტების ადაპტირებისთვისა და გადახდისუუნარობის რისკის შემცირებისთვის.

  • მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპორტის მაჩვენებელი ზრდადია (+41% 2015 წლიდან), რაც ზოგადი სავაჭრო გარემოს გაჯანსნაღების პარალელური პროცესია. მიუხედავად ამგვარი ტენდენციისა, ექსპორტის დივერსიფიკაციის მაჩვენებელი დაბალია და იგი, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებზე დგას. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა მისი ზრდის ტემპი უფრო დაბალია, ვიდრე სამეზობლო ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებლის შემთხვევაშია. ამდენად, მნიშვნელოვანია საინფორმაციო ბარიერების აღმოფხვრაზე, საბაზრო მოთხოვნებისა და შესაძლობების შესახებ ინფორმაციის უკეთ მიწოდებაზე, მაღალი საბაჟო დანახარჯების შემცირებაზე, ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტო პროცესის ხანგრძლივობის შემცირებასა და ელ. კომერციის განვითარებაზე ზრუნვა. სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების გაჩენა ასევე მნიშვნელოვანია საექპორტო კომპანიების ფინანსური ბარიერების აღმოსაფხვრელად.

  • საქართველოში გაძლიერდა ინოვაციის წამახალისებელი პოლიტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო. მიუხედავად ამისა, R&D-ს დაფინანსება OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, არა-IT სფეროში არსებული ინოვაციების მხარდაჭერა კი ლიმიტირებულია. სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ინოვაციების არაპირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით სტიმულირება, ინოვაციების მხარდაჭერის პროცესში მოთხოვნის მხარის სტიმულირება და ისეთი ფინნასური მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, რომლებიც მიმართულია არა-IT სექტორების გაციფრულებისკენ.

  • ქალთა მეწარმეობასთან დაკავშირებული ზოგადი გარემო გაუმჯობესებულია, შეიქმნა ქალთა მეწარმეობის წამახალისებელი ქვეკომიტეტი, ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებში გაჩნდა გენდერულად სენსიტიური საზომები, სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ქალები ისევ აწყდებიან მნიშვნელოვან ბარიერებს ფინანსებზე წვდომის პროცეში, ქვეყანაში მაღალია ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობა ხელფასებსა და დასაქმებაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობის გენდერული მდგენელის შესწავლა, ასევე საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ორგანიზება.

  • მთავრობა ზრუნავს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, პანდემიური რეალობის ფონზე კი უფრო მეტ მწვანე მიდგომას ნერგავს. მიუხედავად ამისა, ქვეყანას მწვანე ზრდის მისაღწევად კონკრეტული საზომებისა და სამიზნე მაჩვენებლების განვითარება სჭირდება, ამ პროცესში მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული მიდგომების შემუშავება. ამ მიმართულებით შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებს დაემატოს მცირე და საშუალო ბიზნესების გამწვანების მხარდამჭერი პროგრამებიც.


დოკუმენტის მეორე ნაწილი უფრო ღრმად იკვლევს გაციფრულების საკითხს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა. ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს პროდუქტიულობის გაზრდაში სტრატეგიულ რესურსებზე მარტივი წვდომის, მომხმარებელთა ბაზის გაფართოების, მასშტაბის ზრდის მიღწევისა და ქსელის ეფექტის კაპიტალიზაციის გზით. თუმცა გაციფრულების პოტენციალი გამოუყენებელი რჩება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, რომელთა ტექნოლოგიის ათვისების დონე ჩამორჩება მსხვილი ფირმებისას.


ანგარიშში შეფასებულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ჩარჩო პირობების (framework conditions) თვალსაზრისით, როგორებიცაა ფართოზოლოვან კავშირთან წვდომა, მარეგულირებელი გარემო, ციფრული წიგნიერება და მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება. შეფასებისას ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკის წარსულ მიღწევებსა და სამომავლოდ მისაღებ ზომებზე, და შემოთავაზებულია პოლიტიკის რეკომენდაციები თითოეული ამ ასპექტისთვის.


ანგარიშის შემაჯამებელ მიმოხილვაში ვკითხულობთ:


  • საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო ინსტიტუციური ჩარჩოს განსავითარებლად. რეალობაზე მორგებული ეროვნული ციფრული სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ობიექტური საზომებისა და მიზნების განვითარების პროცეში და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია რომელიმე სამთავრობო სააგენტოს სპეციალიზება მცირე და საშუალო ბიზნესესის გაციფრულების პროცესში, რაც გაზრდის პროცესის ეფექტიანობას.

  • საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარე და ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანი იქნება, მოთხოვნის მხარის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყანაში კონკურენციის, ინვესტიციებისა და ინოვაციის მხარდაჭერაც. საკანონმდებლო ჩარჩოს მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების დაჩქარება და ელექტრონული კომერციის კანონის მიღება. ციფრული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაუმჯობესება შესაძლებელია პრობლემურ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერებით, არსებული ინიციატივების უფრო სიღრმისეული განვითარებითა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფით. ციფრული უნარების განვითარებისთვის საქართველომ რამდენიმე ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და OECD-ს საშუალო მაჩვენებლებს ქვეყანა მაინც ჩამორჩება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლოა საჭირო იყოს ციფრული უნარების საჭიროებების შეფასება და ტრენინგ ინიციატივების კონსოლიდაცია.

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემთხვევაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადო ციფრული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში (საუბარია ისეთ ბეზნესებზე, რომლებიც დაარსებიდანვე იყვნენ ციფრული). ამის მიუხედავად ბუნდოვანია როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ ე.წ. ტრადიციული სექტორების გაფიცრულება. აღნიშნულ დოკუმენტში გაციფრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებია შეთავაზებული, მათ შორის გაციფრულების სარგებლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვის მიმართულებით, რომ შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური გადაწყვეტები მათს გაფიცრულებასთან დაკავშირებით; ფირმებმა თავად შეძლო თავიანთი ციფრული საჭიროებების შეფასება; გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის გაფიცრულების ეკოსისტემაში.


დოკუმენტის გადმოწერა:


FosteringBusinessDevelopmentand DigitalisationinGeorgia_220513_1025.PDFO
.pdf
Download PDF • 4.15MB

bottom of page