top of page

აწარმოე საქართველოში - წლიური ანგარიში 2020

აწარმოე საქართველოში

2020

წინამდებარე ანგარიში აჯამებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, როგორებიც არის: მეწარმეობის ხელშეწყობის, ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებები, ასევე COVID-19-ის გავრცელებით გაჩენილი5,. ეკონომიკური გამოწვევების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.


მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება:

  • პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების საპასუხოდ 2020 წელს დაკორექტირდა ინდუსტრიული მიმართულების დიზაინი. კერძოდ, კომერციული ბანკის სესხის ან ლიზინგის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის მოცულობა განისაზღვრა, როგორც ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული, შესაბამისად, 3% და 5%. გარდა ამისა, დასაფინანსებელი სესხის ან ლიზინგის მოცულობა 5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, „..ინდუსტრიული მიმართულებით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა 33.3%-ით გაიზარდა.“ ჯამურად კი წლის განმავლობაში სააგენტომ „...15.7 მლნ ლარი გასცა 189 საწარმოო პროექტზე.“

  • ინდუსტრიული მიმართულების მსგავსად, დაკორექტირდა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების დიზაინიც. საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში მხარდაჭერილი სესხის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, ხოლო საერთაშორისო ბრენდინგის გარეშე - 4 მლნ ლარით. საპროცენტო განაკვეთის მოცულობა განისაზღვრა, როგორც ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული, შესაბამისად, 3% და 5%. თანადაფინანსების პერიოდი კი 36 თვემდე გაიზარდა. სააგენტოს მიხედვით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით მხარდაჭერილი ხელშეკრულებების რაოდენობა 52.9%-ით გაიზარდა.

  • მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის რაოდენობა 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო თანამონაწილეობის მოცულობა ახალი ბენეფიციარებისთვის 20%-დან 10%-მდე, არსებული ბენეფიციარებისთვის კი 50%-დან 25%-მდე შემცირდა. ანგარიშის შედგენის მომენტისთვის, პროგრამით სარგებლობის მოთხოვნაზე სააგენტომ 26 299 განაცხადი მიიღო.

  • პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ საკრედიტო-საგარნტიო სქემის ბიუჯეტი 2020 წელს 20 მლნ ლარიდან 330 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო გარანტირებული თანხის მოცულობა სესხის ძირი თანხის 70%-დან 90%-მდე გაიზარდა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაფორმდა 148.5 მლნ ლარის მოცულობის 174 ხელშეკრულება.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად შექმნილი დროებითი პროგრამები:

  • პანდემიით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ სააგენტოს დაემატა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე 8443-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ჯამური სესხის მოცულობამ კი 827.9 მლნ ლარი შეადგინა.

  • გარდა ამისა, პრიორიტეტულ აქტივობად განისაზღვრა მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმორების მხარდაჭერა კომერციულ ბანკში არსებულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფის სახით. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობისთვის 2021 წლის 24 იანვრის მდგომარეობით განაცხადი გააკეთა 3254-მა მეწარმემ.

  • ზემოთ მოცემულ აქტივობებთან ერთად, COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ შექმნილი მხარდამჭერი ღონისძიებები მოიცავდა: IATA-ს აკრედიტაციის მქონე და გენერალური გაყიდვების აგენტი კომპანიების გარანტიის საზღაურის სუბსიდირებას; ღონისძიებების ორგანიზატორთა და სარესტორნო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირებას.

ექსპორტის მიმართულება:

  • პანდემიური რეალობის გათვალისწინებით, 2020 წლის განმავლობაში სააგენტომ მხარი დაუჭირა ქართული კომპანიების პოზიციონირებას ონლაინ ღონისძიებებში. სააგენტოს ინფორმაციით, „ექსპორტის სტიმულირების მიზნით სააგენტომ სულ 10 საერთაშორისო გამოფენასა და 9 ონლაინ შოურუმში განახორციელა ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის პოპულარიზაცია, რომელშიც ჯამურად მონაწილეობა მიიღო 49 კომპანიამ.“

ინვესტიციების მიმართულება:

  • სააგენტოს ცნობით, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC)” თანამშრომლობით ორგანიზაციამ გადახედა 2019 წელს გამოქვეყნებული სექტორების შეფასების დოკუმენტს და მცირედით დააკორექტირა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრიორიტეტული სექტორების სია; გამოაქვეყნა სტატიები სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში; განაახლა ქვეყნის საინვესტიციო სექტორული ბროშურები, საინვესტიციო გზამკვლევი, პროექტების კატალოგი; მოამზადა „საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა“; გამართა საერთაშორისო ღონისძიებები და კონფერენციები.

  • ინვესტიციების მიმართულებით მნიშვნელოვანია ახალი სახელმწიფო პროგრამის - FDI გრანტის - შემუშავება უცხოური ინესვტიციების ქვეყანაში შემოდინების წასახალისებლად. სააგენტოს ცნობით, პროგრამა გულისხმობს „საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას“.


დოკუმენტის გადმოწერა:


606ea449f3169-Annual-Report-2020
.pdf
Download PDF • 13.76MB


bottom of page