top of page

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირი საქართველოსთვის

2021

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირების პირობებში, მნიშვნელოვანია არსებობდეს ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის, ანუ ბიზნესის დაფუძნებისა და მისი ლიკვიდაციის, თამაშის ნათელი წესები. თუკი ჩვეულებრივ საბაზრო მდგომარეობაში ბიზნეს სუბიექტის მართვაში ჩართულია ბიზნესის მმართველი ბიზნესის აქციონერებთან ერთად, გადახდისუუნარობის მდგომარეობის (პოტენციური რეაბილიტაციის ან ლიკვიდაციის) შემთხვევაში მხოლოდ ბიზნესის მფლობელები ვეღარ მიიღებენ ბიზნესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რადგან ბიზნეს სუბიექტის მთავარ დამფინანსებლებად არა მოვალეები, არამედ კრედიტორები გვევლიანებიან. ასეთ დროს სწორედ კრედიტორების მნიშვნელოვან ინტერესშია ბიზნესის ეფექტიანი მართვა და ბიზნესის გადარჩენა, თუკი ეს შესაძლებელია. როგორც წყაროშია აღნიშნული, გადახდისუუნარობის პროცესში კრედიტორები „...განიხილებიან, როგორც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ეკონომიკური შედეგების მთავარი ადრესატები.“


დოკუმენტის შესავალში ხაზი ესმევა ეფექტური გადახდისუუნარობის კანონმდებლობის არსებობას და ამგვარი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს როლსა და ფუნქციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა წარმოჩნდება, რომელიც ხელს შეუწყობს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების ბაზარზე შენარჩუნებას და უზრუნველყოფს კრედიტორული მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას. დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი კანონმდებლობა საქართველომ 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ სახით.


კანონის ფარგლებში საწარმოთა გადარჩენის უზრუნველსაყოფად მრავალი ინსტრუმენტია შეთავაზებული, მათ შორის არის ე.წ. რეგულირებული შეთანხმება - სასამართლოსმიღმა არსებული პროცედურა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს ნაკლები ბიუროკრატიით ფინნასური პრობლემები მათი გამოჩენისთანავე მოაგვაროს. წინამდებარე სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ამგვარი ინოვაციური მექანიზმების დანერგვა, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია, საქართველოში კი იგი ინგლისისა და უელსის საკანონმდებლო საფუძვლებისა და პრაქტიკის ანალიზის შედეგად დაინერგა.


წინამდებარე სახელმძღვანელო ასევე საუბრობს გადახდისუუნარობის ახალი კანონმდებლობით გაწერილ ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე. კანონის მიმართებებზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან, სისხლის სამართალთან, ასევე საგადასახადო და შრომის სამართალთან.


გარდა ამისა, აღნიშნულ სახელმძღვანელოში განხილულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზნები და პრინციპები, საქმის დაწყების საფუძვლები და ტექნიკური დეტალები, გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შეფასება. ასევე, სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაანალიზებული კრედიტორთა რაობა, დაკმაყოფილების საფუძვლები და მათი აღრიცხვის ტექნიკური დეტალები. დამატებით, სახელმძღვანელო განმარტავს და მიმოიხილავს რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლებს ახალი კანონის მიხედვით.


დოკუმენტის გადმოწერა:

GIZ_Insolvency-reader_2021
.pdf
Download PDF • 1.88MB

bottom of page