top of page
უკან დაბრუნება

სტრატეგია 2021-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

2021

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ხედვას 2021-2024 წლებისთვის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით. სტრატეგია არის შემოსავლების სამსახურის მისიის და ხედვის განსახორციელებლად მოცემულ პერიოდში დასახული მიზნების და შესაბამისი ამოცანების ერთობლიობა. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს სამ სტრატეგიულ მიზანს: 1) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული კანონშესაბამისობის ამაღლება; 2) ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და მდგრადობა; 3) საერთაშორისო თანამშრომლობა. დოკუმენტის ბოლოს განსაზღვრულია სტრატეგიის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები.


პირველი სტრატეგიული მიზნის (საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული კანონშესაბამისობის ამაღლება) მისაღწევად დასახულია 6 ამოცანა. ესენია: 1) დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, 2) მოქმედ და პოტენციურ გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების დონის ამაღლება, 3) კანონთან შესაბამისობის სფეროში არსებული საგადახდო რისკების მართვის პროცესის გაძლიერება, 4) საგადახდო დავალიანების მართვის სისტემის გაუმჯობესება, 5) საბაჟო რისკების მართვის და წინასწარი ინფორმაციის გაცვლის სისტემის განვითარება და 6) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების მექანიზმების გაძლიერება. მათ შორის, დაინტერესებულ პირთათვის გამარტივებული სერვისების მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად, სტრატეგია ითვალისწინებს ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის, უკუკავშირის ერთიანი სისტემის და სასაქონლო კოდით საქონლის ძიების და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას. ასევე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამის განხორციელებას.


მეორე სტრატეგიული მიზნის (ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და მდგრადობა) მისაღწევად დასახულია 4 ამოცანა. ესენია: 1) ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების განხორციელება, 2) ორგანიზაციის უწყებრივი რისკების მართვის სისტემის დანერგვა, 3) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და 4) საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების გაუმჯობესება.


მესამე სტრატეგიული მიზნის (საერთაშორისო თანამშრომლობა) მისაღწევად დოკუმენტში ისახება ორი ამოცანა. ესენია: 1) თანამშრომლობის ორმხრივი, მრავალმხრივი ფორმატებისა და ტექნიკური დახმარების არეალის გაფართოება და 2) ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა.


სტრატეგიის ბოლოს განსაზღვრულია სტრატეგიის შესრულების ძირითადი ინდიკატორების სამიზნე ნიშნულები. კერძოდ, საგადასახადო დანაკარგების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელი შემოსავლების 20%-ს, დაგროვილი ზედმეტობა უნდა შემცირდეს 50%-ით, მოქმედ და პოტენციურ გადასახადის გადამხდელთა სულ მცირე 65% ინფორმირებული უნდა იყოს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, მობილიზებული შემოსავლები დაგეგმილი რაოდენობის სულ მცირე 95%-ს უნდა უტოლდებოდეს, შემოსავლების სამსახურის სერვისებით კმაყოფილების მაჩვენებელი სულ მცირე 90%-ს უნდა უტოლდებოდეს და დაგროვილი საგადასახადო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შემოსავლების 20%-ს.


დოკუმენტის გადმოწერა:

GRS Strategy 2021-2024_ENG
.pdf
Download PDF • 11.37MB

bottom of page