top of page

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020

დოკუმენტის შემაჯამებელი მიმოხილვის თანახმად, „გამოკითხვის შედეგები და ფოკუს ჯგუფების ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუები ნათლად აჩვენებს იმ დადებით ტენდენციას, რაც ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების ახალ მარეგულირებელ ჩარჩოსთან არის დაკავშირებული. ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო წესით გასაჯაროება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ სიგნალად არის შეფასებული, და აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების საშუალო და გრძელვადიანი მოლოდინი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია.

 

გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის საჭირო პროცესუალური დისციპლინა ხელს უწყობს სუბიექტებს ყოველდღიურ საქმიანობაში და შედეგების ანალიზში. ასევე, დადებით შედეგად წარმოჩნდა, სუბიექტების მიერ მათი ინდუსტრიის, კონკურენტების, მომწოდებლების და მომხმარებელი კომპანიების ანალიზის მნიშვნელობა და გამოყენების პოზიტიური ეფექტი.

 

დოკუმენტში მოცემული კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსური ანგარიშგების ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის შედეგად გაიზარდა ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა, გაუმჯობესდა ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაციის აღქმადობა, და ინფორმაცია უფრო აქტუალური გახდა, როგორც შიდა, ისე, გარე მომხმარებლებისთვის.

 

ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის შედეგად გადაჭრილი პრობლემების კატეგორიაში ცალსახად ხვდება ინფორმირებულობის ამაღლება როგორც თავად ფინანსური ინფორმაციის მომმზადებელ სუბიექტებში, ასევე ამ ინფორმაციის მომხმარებლებში. როგორც გამოკითხვის, ასევე, ფოკუს ჯგუფების ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალი მარეგულირებელი ჩარჩო დადებით ზეგავლენას ახდენს სუბიექტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიშგებების დოკუმენტები გამჭვირვალეა და ექვემდებარება ზედამხედველობას, აღნიშნული დადებითად იმოქმედებს ინვესტიციების მოზიდვაზე.

 

საყურადღებოა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აღმოფხვრილია, ხოლო ფინანსური ანგარიშგების სანდოობის და დროულობის საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად პოზიტიური ტენდენციით, იმ მოლოდინით, რომ შემდგომი პერიოდების განმავლობაში დაგროვდება შესადარისი ინფორმაცია და გამოცდილება, მოიმატებს მისი სანდოობა და ფინანსური ანგარიშგების კანონით დადგენილ 6 ბოლო ვადამდე წარდგენის მზაობა. ერთი მხრივ, კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია, ხოლო, მეორე მხრივ, აღინიშნა, რომ საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნდება საანგარიშგებო წლის დასრულებიდან ცხრა თვეში, გააჩნია დროულობის პრობლემა.

 

როგორც ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს ზეგავლენის კვლევამ ცხადყო, აუდიტის ზედამხედველობა ერთმნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუმცა ხარისხთან და ნდობასთან დაკავშირებული ამოცანები ჯერ კიდევ ღია საკითხად რჩება. კერძოდ, როგორც გამოკითხვა, ასევე ფოკუს ჯგუფებში ჩაღრმავებული ინტერვიუირება აჩვენებს, ერთი მხრივ, ხარისხობრივი სხვაობა არის აუდიტორულ ფირმებს და მათ მიერ აუდიტირებულ ანგარიშგებებს შორის. კერძოდ, სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმების მომსახურების ხარისხი განსხვავდება (უფრო მაღალია) სხვა აუდიტორული ფირმების ხარისხისგან. მეორე მხრივ, აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზოგადად უფრო მაღალი სანდოობა აქვს (რაც გასაგებიცაა), ვიდრე არააუდიტირებულს. მაგრამ, რადგან აუდიტის განხორციელება სუბიექტებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ფოკუს ჯგუფების ინტერვიუებიდან გამოიკვეთა, რომ არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების სანდოობის უზრუნველყოფას ზედამხედველობის სამსახურისგან მოელიან. სანდოობის პრობლემა კვლავ რჩება გამოწვევად. აქ უნდა აღინიშნოს ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა ნაწილის მოსაზრება, რომ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები (გარდა სდპ-ების აუდიტის უფლებამოსილების მქონე ფირმების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებებისა) არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მოლოდინია, რომ მომავალ საანგარიშგებო პერიოდში ეს ხარისხი გაიზრდება, რადგან იციან, რომ ზედამხედველობის სამსახური აქტიურად მუშაობს აუდიტორული ფირმების ხარისხის შემოწმების და ამაღლების მიმართულებით.

 

გადაუჭრელი გამოწვევები სამ ძირითად კომპონენტად შეიძლება დაიყოს. პირველი კომპონენტი შეეხება დამფუძნებელი და მმართველი რგოლის ჩართულობის პრობლემას ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში. მეორე კომპონენტი შეეხება ფინანსური ანგარიშგების სანდოობის გაზრდის უზრუნველყოფას. მესამე კომპონენტი კი შეეხება აუდიტის ზედამხედველობის როლის წარმოჩენას, გაუმჯობესებას. გამოკითხულთა აზრით ახალმა მარეგულირებელმა ჩარჩომ გაზარდა სუბიექტის ხარჯები აუდიტის მომსახურების შეძენასთან და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით. გაიზარდა დროის დანახარჯი, როგორც გადამზადების (ტრენინგებში მონაწილეობის მიღების), ასევე, ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისთვის საჭირო დამატებითი დროის თვალსაზრისით.

 

ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურს აქვს შესაძლებლობა განუმარტოს სუბიექტებს ინვესტიციების მოზიდვის გრძელვადიანი მოლოდინი და ხაზი გაუსვას როგორც მოკლევადიან დროში მიღწევად ეფექტებზე, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღებ შედეგზე. მნიშვნელოვანია, რომ სუბიექტების მმართველ და მფლობელ რგოლებს ჰქონდეთ გაცნობიერებული რეფორმის წარმატებულად განხორციელების მნიშვნელობა.“


დოკუმენტის გადმოწერა:

RIA - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ
.pdf
Download PDF • 2.39MB

bottom of page