top of page

ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2018

ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა. კანონით დაინტერესებულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ აშკარა გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ღირებულების მიუხედავად, ბიომრავალფეროვნებას მაინც ემუქრება საფრთხე. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შემდეგი ძირითადი მიზეზები: სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია; ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები; რესურსების ჭარბი ექსპლუატაცია; კლიმატის ცვლილება; ნარჩენების მართვის განუვითარებელი სისტემა; საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების დაბალი დონე; ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმწირე; კანონის სუსტი აღსრულება.


კვლევის თანახმად, საჭიროა მთავრობის ჩარევა, რათა უზრუნველვყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის, რომ ბიომრავალფეროვნების მრავალგანზომილებიანი ბუნებიდან გამომდინარე, მისი დაცვა ხელს შეუწყობს 2030 დღის წესრიგის მიერ განსაზღვრული და გაეროს 193 წევრი ქვენყნის მიერ დამტკიცებული 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას.


კანონპროექტის ზოგადი მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიური სახეობებისა და მათიჰაბიტატების დაცვის გზით. თუმცა უფრო კონკრეტული მიზნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: 1. ბიომრავალფეროვნებაზე პირდაპირი წნეხის შემცირება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; 2. საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიებისა და ზურმუხტის ქსელის შექმნა; 3. ქართულ გენეტიკურ რესურსებზე წვდომითა და მოხმარებით მიღებული სარგებლისა და ტრადიციული ცოდნის სამართლიანი განაწილება ადგილობრივი საზოგადოების წევრებსა და ტრადიციული ცოდნის მატარებლებს შორის; 4. უზრუნველყოფა, რომ ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობა საფრთხეს არ უქმნის ამ სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს.


კვლევამ განიხილა პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა, მათ შორის: საბაზისო სცენარი – არსებული მდგომარეობის შენარჩუნება; 1-ლი ალტერნატივა – ზურმუხტის ქსელის დეცენტრალიზებული მართვა; მე-2 ალტერნატივა –ზურმუხტის ქსელის ცენტრალიზებული მართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მე-2 ალტერნატივა, პირველ ალტერნატივასთან შედარებით, ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, სხვა კრიტერიუმებთან მიმართებით (კრიტერიუმებისთვის თანაბარი წონის მინიჭების შემთხვევაში) შეფასებისას მე-2 ალტერნატივა გადაწონის პირველ ალტერნატივას, რადგან ის უკეთ აკმაყოფილებს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, სისტემური ეფექტიანობისა და რისკების შემცირების კრიტერიუმებს. თუმცა მე-2 ალტერნატივას ახასიათებს მნიშვნელოვანი სირთულეები განხორციელებადობის თვალსაზრისით.


დოკუმენტის გადმოწერა:


d5178d70-2734-11ec-80c2-d9f89aeae1e6
.pdf
Download PDF • 959KB


bottom of page