top of page

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა - მეექვსე ანგარიში

PMC კვლევითი ჯგუფი, ISET კვლევითი ინსტიტუტი

2022

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეექვსე ანგარიში იკვლევს ეკონომიკურ დინამიკას 6 სექტორში - მსუბუქი მრეწველობა, კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმი, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, მყარი ნარჩენების მართვა და გამჭოლი სექტორები.


კვლევის მეთოდოლოგია კომპლექსურია და მოიცავს შესაბამის სექტორში ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ვაჭრობის დინამიკის ანალიზს (ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი); გაყიდვების, ბრუნვის, დასაქმების, ხელფასებისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზს თითოეული სექტორისთვის; ბიზნეს-დემოგრაფიის ანალიზს თითოეული სექტორისთვის. მეორე მხრივ, კვლევა მოიცავს ფოკუს ჯგუფ შეხვედრებსა და ინდივიდუალურ ინტერვიუებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სექტორულ ასოციაციებთან, რათა ინდეტიფიცირდეს ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც სექტორებს ხელს უშლის განვითარებაში.


კვლევის თანახმად, უშუალოდ ტურიზმის სექტორი შემდეგ ქვესექტორებს მოიცავს: განთავსება, სარესტორნო მომსახურება, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო, გასტრონომიული და კულტურული ტურიზმი. მიუხედავად პანდემიური წლის მძიმე უარყოფითი გავლენებისა, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, სახმელეთო საზღვრის გახსნისა და საავიაციო გზების განახლების პარალელურად, გამოიკვეთა ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი ტენდენციები. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს 13.7%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით და 2017-2019 წლებში ვიზიტების საშუალო წლიური რაოდენობის 24.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღდგენის მასშტაბი მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2021 წლის მანძილზე და 2021 წლის დეკემბერში პანდემიამდელი საშუალო მაჩვენებლის 46%-ს მიაღწია. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა როგორც შიდა ვიზიტების რაოდენობამ, ისე შიდა ვიზიტორების საშუალო დანახარჯმა.


ანალიზის თანახმად, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, არსებობს გაურკვევლობიდან და არასტაბილურობიდან მომდინარე რისკები, რომლებიც აფერხებს სექტორის მდგრად აღდგენას. ასეთი ფაქტორებია, მაგალითად, ომიკრონის ვარიანტის გავრცელება 2021 წლის ბოლოს და რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის დასაწყისში. აქვე აღსანიშნავია, რომ, კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხვს. სხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში.

კვლევის თანახმად, სექტორის განვითარებას რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა სამუშაო ძალის ნაკლებობა ტურიზმის სექტორში და ნედლეულის გაზრდილი ფასები. ამავდროულად კვლევა გამოკვეთს სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელ ფაქტორებს, როგორებიცაა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, მთის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, კერძო სექტორის ჩართულობა, და ა.შ.


დოკუმენტის გადმოწერა:


VCA-6th report
.pdf
Download PDF • 1.33MB

bottom of page