პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG)
2021
გთავაზობთ შემაჯამებელ მიმოხილვას აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის „ტურიზმის სექტორი საქართველოში“ დაყრდნობით:
„პოლიტიკის დოკუმენტი „ტურიზმის სექტორი საქართველოში” პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. ამ დოკუმენტის მიზანია გამოავლინოს ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკის/მარეგულირებელი გამოწვევები საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში და ხელი შეუწყოს დიალოგს როგორც კერძო და საჯარო სექტორებს შორის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრსა და პოლიტიკურ წარმომადგენლებთან.
პოლიტიკის დოკუმენტის სტრუქტურა შემდეგნაირია: პირველ რიგში, ის მიმოიხილავს ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის მის როლს, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯებს საქართველოში, სასტუმროების ფასების დინამიკასა და სეზონურ და რეგიონულ სქემებს. იგი ასევე აანალიზებს COVID-19 კრიზისამდე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, კერძო სექტორის, მთავრობის და დონორი ორგანიზაციების) პერსპექტივებიდან და მიმოიხილავს მთავრობის რეაგირებას ამ გამოწვევებზე.
მეორე, დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, საჯარო სექტორი და დონორი ორგანიზაციები) პერსპექტივებიდან გამომდინარე, პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს COVID-19-ის გავლენას ტურიზმის სექტორზე საქართველოში, ასახავს დარგობრივ საჭიროებებს კრიზისის პერიოდში, აფასებს მთავრობის რეაგირებას და გამოავლენს სხვაობას სექტორის საჭიროებებსა და მთავრობის რეაგირებას შორის.
მესამე, დაინტერესებული მხარეების პერსპექტივების გათვალისწინებით, პოლიტიკის დოკუმენტში აღწერილია მთავარი გამოწვევები კრიზისის შემდგომი აღდგენის ეტაპზე და მიმოხილულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა COVID-19 კრიზისთან გამკლავებისა და კრიზისიდან გამოსვლის პროცესის დაგეგმვის თვალსაზრისით.
დოკუმენტის ბოლო ნაწილში წარმოდგენილია პოლიტიკის რეკომენდაციები კრიზისის წინა პერიოდში არსებული გამოწვევებისა(ჯამში 12 გამოწვევა) და კრიზისის შემდგომ, აღდგენის ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემების შესახებ (სულ 4 გამოწვევა). გამოწვევები კრიზისამდე იყოფა ორ ქვეჯგუფად: "დაბალი ხარისხი - დაბალი ფასები" ტურიზმის სექტორის განვითარება საქართველოში (სულ 9 გამოწვევა) და მმართველობის სტრუქტურა (სულ 3 გამოწვევა).
გამოვლენილი 16 გამოწვევიდან, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების მხრიდან, პრიორიტეტი სამ მათგანს მიენიჭა. ისინი სიღრმისეულად შეისწავლეს დონორებმაც. აღნიშნული სამი გამოწვევა მოყვანილია ქვემოთ (შესაბამისი რეკომენდაციებით):
· კვალიფიციური კადრების ნაკლებობა (პრიორიტეტულია დონორების მოსაზრებით) - რეკომენდაციები გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის კომპანიებსა და საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩართულობის ინოვაციური მოდელების შემუშავებას, სასერტიფიკატო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიების ჩატარებასა და შერჩეული პროფესიებისთვის ონლაინ სასწავლო პროგრამების შექმნას.
· არასათანადო ინფრასტრუქტურა (პრიორიტეტულია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის) - რეკომენდაციები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტად განსაზღვრას, ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტიზების ინსტრუმენტის შექმნას, რეგიონული ტურიზმის ინფრასტრუქტურის დაგეგმვის გაუმჯობესებას, სინერგიის შექმნას ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარების და რეგიონალურ, ადგილობრივ და სასოფლო ეკონომიკური ზრდას შორის.
· გაურკვევლობა სამომავლო ბიზნეს ოპერაციების შესახებ (პრიორიტეტულია საჯარო სექტორის წარმომადგენლებისათვის) - რეკომენდაციები გულისხმობს ტურიზმის სექტორში შემავალი ბიზნესების დაბალი დანახარჯებით მუშაობის მხარდაჭერას ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, არსებული მხარდაჭერის სქემების გაფართოებას, შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და ბაზრიდან გასვლისა და ბიზნესის აღდგენის გეგმების შემუშავებას.“
დოკუმენტის გადმოწერა: