top of page

ტურიზმის პოლიტიკის რეფორმა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2020

ტურიზმის სფეროს განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისთვის შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის მდგრადი განვითარება. პაკეტი მოიცავს ტურისტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონპროექტს, ცვლილებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასევე, ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ამ სამმა საკანონმდებლო პროექტმა უნისონში უნდა უზრუნველყოს ტურიზმის სფეროს, მასში ოპერირებადი კომპანიების განვითარების ხელშეწყობა და შემოსავლების ზრდა ტურიზმის დარგიდან.


ტურისტული საქმიანობის შესახებ ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს 1997 წელს მიღებული, ამჟამად მოქმედი კანონის ჩანაცვლებას. მიმდინარე კანონი მოძველებულია და აღარ შეესაბამება სწრაფ, აღმავალ დინამიკას ტურიზმის სექტორში. იგი სფეროსათვის მნიშვნელოვან ტერმინებსაც კი არ იცნობს და იმგვარად განსაზღვრავს დარგის მმართველ ორგანოებს, რომ მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები გაურკვეველია, რაც არაერთ პრობლემას წარმოშობს. ახალი კანონი ხელს შეუწყობს ტურიზმის მართვის ძირითადი კომპონენტების გამართვას და მაღალი სტანდარტებისა და ხარისხიანი ტურისტული სერვისების შექმნას, რომლებიც მოიზიდავს მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტებს ქვეყანაში.


ახალი კანონი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში რეგულაციების შემოღებას, რომლებიც უზრუნველყოფს ამ სფეროში მომხმარებლებისა და სერვისის მიმწოდებლების ურთიერთობის სტანდარტების დადგენას, ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებების გაწერას. კანონში „საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით განისაზღვრება ტუროპერატორის და დაკავშირებული მოგზაურობის ხელშეკრულების ორგანიზატორის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით.“


კანონი ასევე არეგულირებს სათავგადასავლო ტურისტულ სერვისებს და შემოაქვს ამ სფეროში სერტიფიცირების ვალდებულება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლებისთვის. ასევე, მასში გაწერილია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის პრინციპები, რომლის ძირითადი ფუნქცია ტურისტული ლოკაციის პოპულარიზება და ამ მიზნისთვის კერძო-საჯარო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ტურიზმის სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს გამართვისთვის ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის თანახმადაც სათავგადასავლო ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოღებულ იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში.


გარდა ამისა, ტურიზმის სფეროსთვის საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების პროცესში შექმნილია ცვლილებების პროექტი სამოქალაქო კოდექსში. კანონპროექტით „ახლებურად განისაზღვრება მოგზაურობის პაკეტის ცნება. პაკეტი არის მოგზაურობის მომსახურების არანაკლებ ორი სახეობის კომბინაცია, რომელიც განკუთვნილია ერთი ტურისთვის. მოგზაურობის მომსახურება მოიცავს შემდეგ ტურისტულ მომსახურებას: ტურისტების გადაყვანა; განთავსება, რომელიც არ არის ტურისტების გადაყვანის ნაწილი და არ გულისხმობს მუდმივ საცხოვრებელს; ავტომობილის, მოტოციკლის ან სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავება; სხვა ნებისმიერი ტურისტული მომსახურება, რომელიც ჩვეულებრივ არ მოიაზრება ზემოაღნიშნულ მოგზაურობის მომსახურებად.“ ასევე, ცვლილებით ჩნდება ვალდებულობა, ტურისტს მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია მოგზაურობის პაკეტთან დაკავშირებით.


კანონპროექტით “ტურ-ოპერატორი პასუხისმგებელია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მიუხედავად იმისა მომსახურება გაწეულია უშუალოდ მისი თუ სხვა ტურისტული მომსახურების გამწევი პირის მიერ.“ გარდა ამისა, კანონში “მნიშვნელოვანი სიახლეა დროის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ცნება. დროის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მომხმარებელი უფლებას იძენს გამოიყენოს განთავსების საშუალება, ერთი ან რამოდენიმე ღამის გასათევად, წელიწადის განსაზღვრულ მონაკვეთებში, რამოდენიმეჯერ, ერთ წელზე მეტი ვადის განმავლობაში და გადაიხადოს შესაბამისი თანხა. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებით მომხმარებელი იძენს უფლებას ანაზღაურების სანაცვლოდ მიიღოს ფასდაკლება ან განთავსების საშუალებასთან დაკავშირებული სხვა სარგებელი ერთ წელზე მეტი ვადით განცალკევებულად ან მოგზაურობის ან სხვა მომსახურებასთან ერთად.“



დოკუმენტის გადმოწერა:

PA00XSBK
.pdf
Download PDF • 711KB

bottom of page