საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2019
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის წლიური რეპორტის მიხედვით: ,,სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ ზრდა განაგრძო. ამ წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 678,420-ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა ცხრა მილიონს.
საერთაშორისო და შიდა ტურიზმი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. უცხოელი მოგზაურების დანახარჯები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, შედეგად 2019 წელს მისმა მოცულობამ 3.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებული ღირებულების 511 მილიონი ლარით ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი.
2019 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული იყო 2,575 განთავსების ობიექტი 94,438 საწოლი ადგილით. STR გლობალის თანახმად, 2019 წელს საქართველოში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 56.7% იყო. ყველაზე მაღალი დატვირთვა აგვისტოში - 77.1%, სექტემბერში-74.5%, ივლისში და ოქტომერში - 66.8% დაფიქსირდა, ხოლო დაბალი იანვარში - 34.6%, თებერვალში - 36.4% და დეკემბერში - 38.5%. დატვირთვის კოეფიციენტით ლიდერობს თბილისი 59.7%-ით, შემდეგ მოდის ბათუმი 58.9%-ით და დანარჩენი საქართველო 46.7%-ით.
2019 წელს რამდენიმე ქვეყანასთან მოეწერა ხელი შეთანხმებებსა და მემორანდუმებს, მათ შორისაა: პორტუგალია, არგენტინა, მალდივის რესპუბლიკა. გარდა ამისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაწევრიანდა საერთშორისო ორგანიზაციაში “WYSE Travel Confederation”, რომლის მიზანია ახალგაზრდული მოგზაურობის ინდუსტრიის და საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მოცემული მიმართულებით მისი წევრებისთვის ბიზნეს-განვითარების მექანიზმების შემუშავება.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების გასაზრდელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის გამარტივება, სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს ცნობადობის ამაღლება, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე და ტურისტული პროდუქტის განვითარება.”
დოკუმენტის გადმოწერა: